მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ანასტასია გოტფრიდი, რომელიც კიევში იმყოფება, "მთავარ არხთან" რუსი ოკუპანტების თავდასხმებზე საუბრობს.
გოტფრიდმა აღნიშნა, რომ აგრესორები კიევში არტილერიით ინტენსიურად ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს და ამას უკვე არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მისი თქმით, უკრაინელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.
"კიევი გამუდმებით იბომბება არტილერიის გამოყენებით. ქალაქი, რომელშიც ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, ცარიელდება. იბომბება საცხოვრებელი კორპუსები. ეს ოკუპანტების შურისძიებაა იმ წინააღმდეგობისთვის, რასაც მათ უკრაინა უწევს. კიევთან საშინელი ბრძოლებია, კადიროველები და დანარჩენი ორკები ცდილობენ ქალაქში შემოჭრას. ბევრია დაღუპული. ჩემს მარიუპოლელ მეგობარს 10 დღეა, ვერ ვუკავშირდები. ის 4 წლის შვილთან ერთად ნესტიან სარდაფში იმალება. ქალაქები და სოფლები მიწასთანაა გასწორებული. მიუხედავად ამისა, ხალხს სჯერა, რომ გაიმარჯვებენ. სხვაგვარად არც შეიძლება, ეს ომია ბოროტებასა და სიკეთეს შორის.
თითოეულისთვის ეს საკუთარი რწმენის გამოცდა იყო, ბევრმა მსახიობმა, სპორტსმენმა, ბლოგერმა თუ მწერალმა აიღო იარაღი ხელში, თუმცა ბევრი გაიქცა. გაქცეულებს შორის ბევრი კაცი იყო, მათ უკრაინაში 8 მარტს ულოცავდნენ. ხალხის მსგავსი ერთიანობა არასოდეს მინახავს. მე ჩემს პატარა შვილთან ან თავშესაფარში ვარ, ან მოხალისეებს ვეხმარები. აქ ყველას სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ვიცით, რომ ჩვენ ამ ომს მოვიგებთ", - აღნიშნა გოტფრიდმა.
ამასთან, ის ამბობს, რომ 2 თვეში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშას ისევ ამაყად ასწევს.
"რაც შეეხება სპორტს, ხედავთ, რუსეთი ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრებიდან ჩახსნეს. მიხარია, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ნათელ მხარეს დარჩა და პირობას ვდებ, 2 თვეში საქართველოს დროშას ისევ ამაყად ავწევ მომავალი ევროპის ჩემპიონატზე", - თქვა ანასტასია გოტფრიდმა.