გორის ტელევიზია "სეზონს" თანამშრომლები ტოვებენ - მიზეზი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ტელევიზიის მფლობელი, გიორგი კანდელაკი, ნაომარ ქალაქში პრორუსული განწყობების გაძლიერებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.
კანდელაკსა და მის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი თანამშრომლების მიერ Facebook-ზე უკრაინის მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებით დაიწყო და მათი უმრავლესობის სამსახურიდან წასვლით დასრულდა.
"ვერ ვახერხებდი გაგვეკეთებინა ის, რაც გვთხოვდა ხელმძღვანელობა, ეს იყო რუსეთის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამაზე უარი განვაცხადე. Facebook-ზე გავაზიარეთ უკრაინის მხარდამჭერი ფოტოები და ესეც შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო ამ დაძაბული ურთიერთობის. რა წამს მოგვთხოვეს, რომ უნდა შეგვეცვალა პოზიცია, დავტოვეთ სამსახური",- ამბობს არხის ყოფილი თანამშრომელი, თორნიკე მაისურაძე.
კანდელაკმა ტელევიზიის დირექტორად "ალტ ინფოს" წამყვანი და ჟურნალისტებზე მოძალადეების ადვოკატი, გიორგი მჟავანაძე დანიშნა.
"მაისურაძე არ იძახის მაგას, თქვენ იძახით, ჟურნალისტი. ნიკოლოზ მჟავანაძე არ არის პრორუსულად განწყობილი, ის არის პროქართული რა და ნახავთ თუ არ იქნება პროქართული",- ამბობს TV სეზონის დამფუძნებელი, გიორგი კანდელაკი.
ცნობისთვის, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ტელეკომპანია "სეზონში" განვითარებული მოვლენებით სისხლის სამართლის საქმეს რამდენიმე დანაშაული იკვეთება და კანდელაკის საქმიანობით სუს-ი უნდა დაინტერესდეს. მათი თქმით, მოქალაქეებმა კანდელაკის სარესტორნე ქსელს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და რუსული პროპაგანდა არ დააფინანსონ.