
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თბილისის მერიის მიერ რუსულ სახელმწიფო სამხედრო კომპანიასთან 170 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრა.
საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც მერიამ "მეტრო ვაგონ-მაშთან" თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესაძენად გააფორმა.
ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული კომპანია სხვადასხვა სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ტანკებს აწარმოებს.
"ვიცით, რომ 1 მილიონი ლარით დაეხმარა საქართველოს მთავრობა უკრაინას და ამის შესახებ ფაქტობრივად ყოველდღიურად საუბრობენ. ამასობაში, მეორე ხელით კახი კალაძემ 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ სამხედრო სახელმწიფო კომპანიას. ეს კომპანია მუხლუხოებიან ტანკებს და სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.
ეს თანხა არის ვალით აღებული. ანუ ეს თანხები უნდა გადაიხადონ ჩვენმა შვილებმა იმისთვის, რომ დააფინანსონ უკრაინაში ბავშვებისთვის, სამშობიაროებისთვის დამიზნებული რაკეტა. დედაქალაქის მერი ფაქტობრივად არის გატრუნული, ხმას არ იღებს. სამარცხვინოა ის დამოკიდებულება და კალაძისგან კიდევ უფრო მძიმეა, რომელმაც ფაქტობრივად უკრაინაში გაიკეთა კარიერა და აფინანსებს რუსულ სამხედრო კომპანიას, რომელიც შემდეგ მისი თანაგუნდელების ოჯახის წევრებს აწიოკებს.
ჩვენ ამ ხელშეკრულების შესახებ დედაქალაქის მერს ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ვაფრთხილებდით, რომ წარმოუდგენელია სტრატეგიული ობიექტისთვის, თბილისის მეტროსთვის დაუკვეთო 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება რუსულ სახელმწიფო კომპანიას", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ენმ-ის წევრი მერიისგან მოითხოვს, სასწრაფოდ გაასაჯაროოს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტაცია.