მასწავლებლის სახლი მისამართს იცვლის. გადაწყვეტილება თანამშრომლებს რამდენიმე დღის წინ  პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გააცნო. მიზეზი, შენობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაინტერესება გახდა. 11 ივნისის შემდეგ აქ მხოლოდ დაცვა დარჩა, თანამშრომლები რამდენიმე დღეა სამსახურში აღარ დადიან, ცარიელია პარკინგიც. 

ფაქტს, რომ მისამართს სუსის მოთხოვნის შემდეგ იცვლიან, ცენტრიც და განათლების სამინისტროც იქამდე ასაიდუმლოებდა, ვიდრე ინფორმაცია ოპოზიციამ არ გააჟღერა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ ცენტრში წარსულში ტრენერებადაც მუშაობდნენ, გაუგებარია, რატომ ართმევენ შენობას მასწავლებლებს, მაშინ, როცა ცენტრი სრულად აღჭურვილია და პედაგოგთა პროფესიული სტანდარტების შემუშავებისთვის, დანერგვისა და მასწავლებელთა გადამზადებისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველა პირობას უქმნის, რათა არჩევნებზე ძლიერი ინფრასტრუქტურითა და ახალი ძალებით იმოქმედოს. 

თავად ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობს. ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ შენობას ნამდვილად იცვლიან და სექტემბრიდან სხვა მისამართი ექნებათ. თუმცა ამბობს, რომ ძველი შენობის ახალი მფლობელი უწყების შესახებ არაფერი იცის. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მასწავლებლის სახლი კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში გადავა. ცენტრიდან ერთადერთი შუკაკიძის მოადგილე აღმოჩნდა, ვინც დაადასტურა, რომ მათ შენობას ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაიკავებს. მანანა რატიანისთვის გაუგებარია, ამ ფაქტს თანამშრომლების პროტესტი რატომ უნდა გამოეწვია. 

სექტემბრიდან მასწავლებლის სახლი ამ შენობის მეშვიდე და მერვე სართულზე განთავსდება. შესაძლოა, გაიყოს ცენტრის დღემდე არსებული ფუნქციებიც და სხვადასხვა სსიპ-ებად ჩამოყალიბდეს. ამ შენობაში კი სუსის რომელიმე ქვედანაყოფი გადმოვა და პოლიციის აკადემიის ბაზაზე საქმიანობას შეუდგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი