რუსეთიდან მომდინარე მუქარის ფონზე საქართველოს ხელისუფლება დასავლეთში და თვით რუსეთშიც კრიტიკის სამიზნე ხდება. ჟურნალისტები, დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტები საქართველოს მთავრობის უთავმოყვარეობასა და უუნარობაზე ამახვილებენ ყურადღებას. რა უნდა ექნა ოფიციალურ თბილისს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტის მკვლელობის მზადების შესახებ და მითუმეტეს, რაც საკუთარი მუქარა რუსეთის ოფიციალურმა პირმა რამზან კადირომა დაადასტურა?
რუსი და ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას ღიად ამბობენ, რომ თბილისის რეაქცია უფრო ხისტი უნდა ყოფილიყო.
"ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო გაავრცელებდა საპროტესტო ნოტას და დაგმობდა შეკვეთილ მკვლელობას საკუთარ მოქალაქეზე", - ასე ეხმაურება ამერიკელი ანალიტიკოსი კურტ ვოლკერი, რომელიც უკრაინაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი იყო.
როგორც ვოლკერი ამბობს, რამზან კადიროვი ახლა ცდილობს ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას და სწორედ იმით არის გამოწვეული ის, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მუდმივად აკეთებს მუქარის შემცველ განცხადებებს.
რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების აგრესიული ოკუპაცია, გრძელდება მუდმივი წნეხი, კორუფცია, დეზინფორმაცია ბორდერიზაციის თაობაზე. სულ ბოლო შემთხვევა კი ნამდვილად პრობლემურია, რადგან ეს არის ღიად მტრული საფრთხე, რომელიც საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგაა მიმართული. ეს სრულიად მიუღებელი შემთხვევაა და ეს უნდა დაგმოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ რუსეთმაც. ჩემი შეფასებით ამას კადიროვი აკეთებს იმიტომ, რომ ის პირადად იყო იმით შეურაცხყოფილი, რაც ჟურნალისტმა თქვა და თან ალბათ ფიქრობს, რომ პუტინი ამას მოიწონებს. იტყვიან, რომ კადიროვი თავის ღირსებას იცავს. მე ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია შიდა გადაადგილებებთან რუსეთში და ეს მაშინ, როცა საერთაშორისოდ პუტინზე დიდი წნეხია. მისი პირადი რეიტინგი დაცემულია, - ამბობს კურტ ვოლკერი.