რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შესაჩერებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს ყველას უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში.
ანდრეი კასიანოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს სათანადო დახმარებას გაუწევს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონია, აქედან 1 მილიონი ბავშვია.
"მადლობას ვუხდით პოლონეთს, რომელიც უკვე იქცა ლტოლვილების მიღების რეგიონულ კერად. მაგრამ მხოლოდ ის ვერ უმკლავდება ნაკადს. ლტოლვილების მიღებას აქტიურად უერთდებიან დასავლეთის სხვა ქვეყნები. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყონ მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეებისადმი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მათ სათანდო დახმარებას გაუწევს და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
რუსეთი ადანაშაულებდა უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნაში. აგრესორ ქვეყანას შეუძლია, შეგნებულად ჩაიდინოს პროვოკაცია და ცეცხლი გაუხსნას ბირთვულ საცავს ჩერნობილში. ასევე უაზროა წამოყენებული ბრალდებები ქიმიური იარაღის შექმნისა აშშ-თან ერთად. სრულ მარაზმს წარმოადგენს რუსეთის მიერ ტყუილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა იყენებს ინფიცირებულ ფრინველებს, საიდუმლო ბაქტერიული შტამების გავრცელების მიზნით, რომელიც უტოლდება მასიური განადგურების იარაღს. მსგავსი ანეკდოტები რუსეთის მაღალჩინოსნებისგან, რომელიც ეხებოდა საქართველოში ლუგარის ცენტრს, სადაც თითქოს ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები ქმნიან კოღოს საიდუმლო სახეობას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ბაქტერიოლოგიურ იარაღად იქნებოდა გამოყენებული, ასევე არის სიცრუე", - თქვა კასინოვმა.
კასიანოვი საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოდან კიევში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი, ასევე 16 სატვირთო, ჯამში 275 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.