"პუტინი ჭკუიდან შეიშალა" | მიხეილ სააკაშვილის ანალიზი ბრიტანულ გამოცემა Express-სთან

გამოქვეყნდა:

ბრიტანული გამოცემა Express რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა გამოცემას უთხრა, "პუტინი მოძალადეა და ახლა ის ჭკუიდან არის გადასული". ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ვაშინგტონს პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აფრთხილებდა. 

"ჯერ კიდევ 2006 წელს გავაფრთხილე ამერიკა, რომ ის [პუტინი] მე და ჩემს ქვეყანას ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით გვემუქრებოდა. ჩემი ამერიკელი მეგობარი ფიქრობდა, რომ მე ვაჭარბებდი",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან.

სტატიის ავტორის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს და ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა პუტინის "სლავური ავღანეთი" გახდეს.

"ის ვერ მიაღწევს თავის სამხედრო მიზნებს. ის უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს - ეს მისი სლავური ავღანეთია",-თქვა მესამე პრეზიდენტმა.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინას რას იზამდა, რუსეთი მას თავს მაინც დაესხმებოდა".

სტატიაში საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც. "სააკაშვილი თვლის, რომ მისი დაკავებისა და პატიმრობის უკან პუტინი დგას",-წერს სტატიის ავტორი.

"2015 წელს, როცა ოდესის ოლქის გუბერნატორი გავხდი, პუტინმა ეს ხმამაღლა გააპროტესტა. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე დაიწყო ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. Amnesty International პატიმრობას არა მხოლოდ შერჩევით სამართალს, არამედ პოლიტიკური შურისძიების აშკარა გამოყენებას უწოდებს",-განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Express-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი