
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში "აქვთ მცდელობები", რომ საქართველოს სახელი "გააშავონ" და ქვეყანა ისე წარმოაჩინონ, თითქოს შიში ვამჯობინეთ ღირსებას.
ზურაბიშვილი ვაშინგტონში "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის დასმულს კითხვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება.
"ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!", - თქვა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ოპოზიცია გააკრიტიკა პოლიციის შეურაცხყოფისთვის - "რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია"!.
"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“! ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა", - თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეთანხმება ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო, ხოლო პოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.
მისი განცხადებით, ყველასთვის გასაგებია და ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.