საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში მიემგზავრება. დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში 4-7 თებერვალს შედგება და ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ასევე იმ კონგრესმენებს შეხვდება, რომლებიც ბოლო პერიოდია საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ წერილებს გზავნიან.
ზალკალიანის ვიზიტს ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უკვე პირადად მოუწევს ქართველ დიპლომატს მწვავე კრიტიკის მოსმენა. მათივე თქმით, საუბარი ვიზიტის დროს ძირითადად ჩავარდნილ პროპორციულ საარჩევნო სისტემას შეეხება. ასევე აშშ-ში დაინტერესდებიან ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის დევნაზეც:
"ზალკალიანი ჩავა, გახარია ჩავა თუ თალაკვაძე ჩავა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველოში ხდება დემოკრატიის უკუსვლა და ეს უკავშირდება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ყველანაირი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება და მათ შორის ამიტომ წაიღო ზუსტად პროპორციული სისტემა" განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"ზალკანლიანმა მკაფიოდ უნდა გასცეს პასუხი იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს. ეს არის - როდის აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას, აპირებს თუ არა საერთოდ, ეს არის საარჩევნო კანონის შეცვლა, ეს არის ოპოზიციაზე და ოპოზიციურ მედიაზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ეს არის ინვესტორებთთან ურთერთობის სტილის შეცვლა" აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი
"ლეიბორისტებში" კი ზალკალიანს მძიმე დღეებს უწინასწარმეტყველებენ და აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც კრიტიკულ წერილებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია, დავით ზალკალიანი პირადად გამოიძახეს:
"ზალკალიანი მიუხედავად იმისა, რომ არის მონური სულისკვეთების, მას მშვენივრად მოეხსენება ამერიკული ხელისუფლების კონიუნქტურა, ის პოზიციები რაც მათ გააჩნიათ, გამოცდილებასაც აქვს აშშ-ში მუშაობის და დარწმუნებული ვარ, მას ელის ძალიან მძიმე დღეები ამ ვიზიტის დოს." აცხადებს გიორგი გუგავა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში მაიკ პომპმეოს მიწვევით ჩადის და ის მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების მინისტერიალში.