უკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტი გიორგი ცხაკაია Facebook-ზე წერს, იმ დახმარების შესახებ, "რაც შეიძლება საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გააკეთოს"
"სამწუხაროა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო არგუმენტების მოშველიებით საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა ცივილიზებული მსოფლიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს; არ ჩაკეტა ქართული საჰაერო სივრცე და არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნა აგრესორს - რუსეთს, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ყოველდღიურად განაგრძობს ჩვენი მიწის მცოცავ ოკუპაციას.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, სულ ოდნავ მაინც გამოვასწოროთ ჩვენი სასირცხვილო საქციელი, კერძოდ:
- საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს უკრაინის ყველა ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც განთავსებულია უკრაინის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამა „დიაში“ და, მათ შორის, ამ პროგრამის მეშვეობით გაცემული ელექტრონული პასპორტი, რამდენადაც მას მინიჭებული აქვს ფიზიკური პასპორტის თანაბარი იურიდიული ძალა. შესაბამისად, ეს ნაბიჯი გაუადვილებდა ცხოვრებას საქართველოში მყოფ მრავალ ათას ადამიანს.
- საქართველოს ხელისუფლებამ მინიმუმ 2 წლის ვადით მოხსნას შეზღუდვა უკრაინის მოქალაქეებისათვის და ამით მიანიჭოს მათ უფლება შეუზღუდავი რაოდენობის დღეები გაატარონ საქართველოში.
- საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადოს, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მინიმუმ 20 ათას ადამიანს შეიფარებს და ორი თვის მანძილზე (აგრესიული ომის შეწყვეტამდე) უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით. ვგონებ, ტურიზმის შემცირების ფონზე სასტუმროები და, მათ შორის, კოვიდ-სასტუმროებიც მოხარულები იქნებიან ხელისუფლების მხრიდან სათანადო დაფინანსების სანაცვლოდ უმასპინძლონ უკრაინის მოქალაქეებს.
- საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინოს სათანადო ძალისხმევა და ხელი შეუწყოს ვარშავიდან და ბუდაპეშტიდან საკმარისი რაოდენობის, უფასო ჩარტერული რეისების დანიშვნას უკრაინელი მოქალაქეების საქართველოში გადმოყვანის მიზნით. ამავე მიზნით, დანიშნოს ავტობუსები პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, საზღვრიდან შესაბამის აეროპორტებამდე.
- საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეძენის შემთხვევაში, ავტომატურად მიენიჭოს მას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება. გარდა ამისა, ასეთი პირი გათავისუფლდეს განბაჟების პროცედურებისაგან და მიენიჭოს უფლება საქართველოში შემოიტანოს 2 ავტომანქანა და პირადი/ოჯახის კუთვნილი ბარგი.
- საქართველოს ხელისუფლებამ დააორგანიზოს და უკრაინაში გამოაგზავნოს სხვადასხვა პროფილის მქონე სულ მცირე 100 მედიკოსი, აღჭურვილნი შესაბამისი მედიკამენტებითა და პრეპარატებით (მაგალითად, ქირურგები, ტრავმატოლოგები, პედიატრები და ა.შ.). ასევე უზრუნველყოს კვალიფიციური ფსიქოლოგების გამოგზავნა უკრაინაში, რომელთა მისია იქნება უფასო ფსიქოლოგიური დახმარება როგორც ზრდასრულთათვის, ასევე უკრაინელი ბავშვებისათვის.
- საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების ოდენობა მინიმუმ 5-ჯერ მაინც. ასევე მოახდინოს უკეთესი კოორდონირება ჰუმანიტარული დახმარების უკრაინის ხელისუფლებასთან.
- საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს 500 დაჭრილი უკრაინის მოქალაქის უფასო მკურნალობა საქართველოს კლინიკებში.
- ქართული ლეგიონის დახმარება, როგორც მინიმუმ რეგულაციური უზრუნველყოფა, და სოციალური დაცვა მათი ოჯახების. გარანტია რომ მათ მიმართ დევნა არ დაიწყება და მიენიჭებათ შესაბამისი ვეტერანის სტატუსი. ასევე მოქმედი ჯარისკაცებისათვის ხანგძლივვადიანი შვებულების აღების შესაძლებლობის დაშვება.
- არ გამოატაროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალა და ტექნიკა, იქნება ეს ყარაბაღიდან გადმოსროლილი თუ სირიელთა კონტინგენტი და ღიად დააფიქსიროს აღნიშნული აკრძალვა ისევე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.
* ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაგრამ, გადასცეს საქართველოს წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები უკრაინას, ან მიყიდოს მაინც",-წერს ცხაკაია.