ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადებას კადიროვის მუქარის შესახებ ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს

გამოქვეყნდა:

მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რამზან კადიროვის განცხადებებზე შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გაკეთდა - ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოპოზიციაში პრეზიდენტის ამ განცხადებას სამარცხვინოს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.

ნაცვლად იმისა, რომ ახდენდნენ მტრულად განწყობილი ოკუპანტი სახელმწიფოს იდენტიფიცირებას, საქართველოს დღევანდელი ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება თითს იშვერს ოპოზიციისკენ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, პრეზიტენტის განცხადება ზუსტად ისაა, რასაც კადიროვი ითხოვს გიორგი გაბუნიასგან.

მან შექმნა პრეცენდენტი იმისა, რომ მომავალში გაუადვილდეს რუსეთს აგრესიული ნაბიჯების გადადგმა, - აღნიშნავს კანდელაკი.

ცნობისათვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა მოეკლათ ქართველი ჟურნალისტი.

გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი