
აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში, სადაც მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილს და მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. პარტია პრეზიდენტს მის უფლებამოვალეობებს ახსენებს და მიანიშნებს, რომ მხოლოდ ცერემონიული დატვირთვა აქვს.
"გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს..." ნათქვამია განცხადებაში.
"ოცნება" ამბობს, რომ გასული 1 წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა:
"გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ" ნათქვამია ოცნების განცხადებაში.