სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეკვეთილი მკვლელობის საქმის დეტალებზე ჯერ კიდევ დუმს, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, უმძიმესი დანაშაულის გეგმა უკვე "გაშიფრა" და ორდღიანი ფიქრის შემდეგ, საკუთარი ვერსია, ისევ ირაკლი კობახიძის გახმოვანებით წარმოადგინა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის უკანაც ოპოზიციას ხედავს და მათ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ბოლო დროის ოდიოზური განცხადებებით გამორჩეული კობახიძე, ამჯერად პირდაპირ ხელს ადებს და ასახლებს კონკრეტულ გვარებს, ვინც, მისი განცხადებით, გრუ-ს აგენტები არიან - კობახიძის შავ სიაში მოხდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე, თუმცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში მთელი ოპოზიციაა ბრალდებული.
მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, ოპოზიციაა.
ყველა არჩევნების წინ, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო ის, ვინც ცდილობდა აემღვრია წყალი საქართველოში, პოლიტიკურ ვითარებაში, გამოეწვია დესტაბილიზაცია და ესარგებლა ამით. ერთადერთი ძალა, რომელსაც დესტაბილიზაცია აწყობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის და ამაში ის რუსულ ნარატივს ახორციელებს, არის "ნაციონალური მოძრაობა, - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ის კი არაა, ვინ რას ამბობს, მთავარია რა საქმეს აკეთებს.
ჩემია ზრით ოპოზიციის ნაწილი საქმით სწორედ რუსულ საქმეს აკეთებს და სიტყვის ამბობს, რომ ის არის პროდასავლური, - აცხადებს კილაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მორალური ფსკერი ბოლო ხანებში გაკეთებული განცხადებებით კიდევ უფრო დაბლა ჩავიდა.
ქართული ოცნების მმართველი პირები, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით ცდილობენ, რომ ეს საქმე ისე ჩაატარონ და მიჩქმალონ, რომ არც ერთი სიტყვა არ თქვან რუსეთზე და არც კადიროვზე, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტალახის სროლით მთავრობა მტრის პროპაგანგას ეხმარება და სამომავლოდ ქვეყნის ყველა მოქალაქის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძებ განაცხადა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ინტერესი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადეგნლებს აქვთ და ეს საერთო თანხვედრაში მოდის რუსეთის ინტერესებთან.