ქართული ოცნება ისევ იმეორებს, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ამტკიცებს, რომ "ომის პარტიამ" ამ თემის მიმართულებით, უცხოელი ლობისტები ჩართო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ.
კობახიძემ ყველას "შეახსენა", რომ მსოფლიოს რუსეთისთვის სანქციები 2008 წლის აგვისტოს ომისთვის არ დაუწესებია:
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას...
გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია." ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ გააუქმა, ხოლო 2012 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" "გააფართოვა სავაჭრო ეკონომიკური" ურთიერთობები, არავის კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე”, - აცხადებს კობახიძე.