სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ასაჯაროებს გვიან ღამით ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს. ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები გიორგი მდივნის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ერთერთი საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები იყვნენ მობილიზებულნი. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, უკავშირდება თუ არა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ბოკოვის დაკავებას. თუმცა სუს-ში, ამ ვერსიას უარყოფენ. "მთავარის" ინფორმაციით, ჩხრეკა ერთ-ერთ საქმეს უკავშირდებოდა, რომლის შესახებაც დღეს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის მდივნის ქუჩაზე სიმშვიდეა. ადგილზე აღარ იმყოფებიან გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. "მთავარი" ესაუბრა საწყობის თანამშრომლებს, რომლებიც სავარაუდოდ, გვიან ღამით შემთხვევას შეესწრნენ, თუმცა ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.
სუს-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას არავინ დაუკავებიათ.