ივანიშვილის მხოლოდ ერთმა ნათესავმა 2014-2020 წლებში ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარი მიიღო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის მულის ქმარია. 

მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით შედის. სწორედ ამ ინდმეწარმე "მურმან ტოგონიძემ" ამ პერიოდში 97 ტენდერიდან 69-ში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14,998,590 ლარი შეადგინა. შპს “მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1,008,798 ლარი მიიღო.

მურმან ტოგონიძის მიერ ზემო იმერეთში მოგებული ტენდერების შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" აქვეყნებს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ამ მუნიციპალიტეტებს შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ ტენდერში მონაწილეთა მიმართ და ისინი ტენდერის მოთხოვნებს მურმან ტოგონიძეს არგებენ . 

ამ ადამიანმა ბოლო 6 წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. ბუნებრივია, იმ პერიოდამდე, ვიდრე ქართული ოცნება არ იყო ხელისუფლებაში, მას ამდენი სახელმწიფო შესყიდვა არ ჰქონდა მოგებული. ყველა ტენდერი და ყველა გამარტივებული შესყიდვა მოგებული აქვს პირადად მას, ინდ მეწარმე მურმან ტოგონიძეს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე.  

იმერეთში ტენდერებს იგებს ის, ვინც ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

მურმან ტოგონიძე ნამდვილად სარგებლობს პრივილეგიებით, მისთვის ყველა გზა ხსნილია, თუნდაც არ ჰქონდეს წესრიგში დოკუმენტაცია და სამუშაოები ვერ ჩააბაროს. ეს არის დამკვიდრებული ტრადიცია უკვე რვა წლის განმავლობაში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია. 

ამ მტკიცებას უარყოფს საჩხერის მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი, რომლის თქმითაც ტენდერებს სხვა სერიოზული კომპანიებიც იგებენ.

მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი