ოპოზიციას დესტაბილიზაცია სურს და ამისთვის გიორგი გაბუნიას საქმეს გამოიყენებს - ამ თემაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილ ოპოზიციონერთა ინტერესები რუსეთის ინტერესებთან მოდის თანხვედრაში.
ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაციის, ბუნებრივია, ზის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. ასევე ქვეყანის შიგნით არიან ძალები, ჩვენ ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოვუშვით საპრეზიდენტო პაქტით გრუ-ს აგენტი {ირაკლი ოქრუაშვილი}, რომელიც დღეს იგივე "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა ე.წ. პროდასავლურ ძალებთან ზის მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად გეგმავენ ხელისუფლების შეცვლას, - აცხადებს იგი.
კობახიძე რუსეთის ინტერესების გამტარ პოლიტიკოსებს შორის ასევე ასახელებს გუბაზ სანიკიძეს, ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს, რომელთაც, მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ხშირად გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები.
"ოცნების" წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ დესტაბილიზაციის წყაროს და შესაბამისად, გიორგი გაბუნიას საქმესაც ამ ინტერესების მიხედვით გამოიყენებენ.