ბიძინა ივანიშვილის ახალი იერიში გიგი უგულავაზე - საქმე, რომელზეც განაჩენი უკვე არსებობს უზენაესმა სასამართლომ წლების შემდეგ წარმოებაში მიიღო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პროცესი 10 თებერვალსაა ჩანიშნული და თანაც ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ უგულავას განაჩენს ისე გამოუტანენ, რომ პროცესს თავადაც კი ვერ დაესწრება. უფრო მეტიც, სხდომაზე მისი დაცვის საშუალება ადვოკატსაც არ ექნება.
ყოფილი მერის ძველი საქმის განახლების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა მოქმედმა მერმა. კახა კალაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ დანაშაული თავად აღიარა და მას სადაო არაფერი აქვს.
"თუ ადამიანს აქვს დანაშაული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება. დღეს ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა რომ დაანახონ საზოგადოებას სიმართლე არის მარტივი. ვერავინ დაიჩაგრება, არავის ვჩაგრავთ. სადაო რა აქვს?-გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა. რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარია, 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, მოვიპარეო,"-აცხადებს კახა კალაძე.
საუბარია, თბილისის განვითარების ფონდის შესახებ წარმოებულ საქმეზე, რომელზეც ერთი წლის უკან, ორივე ინსტანციის სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მაშინ გიგი უგულავას 1.7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კანონმდებლობის მიხედვით, ეს სასჯელი შთანთქა იმ წლებმა, რომელიც უგულავამ საპატიმროში გაატარა. თუმცა ახლა უკვე ეს საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში თავიდან მიიღო.