ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქვეყნებმა ერთიანი პოზიცია აჩვენონ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას არავინ სთხოვს, ორმხრივი სანქციები დააწესოს, თუმცა მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს.
"ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ. მინდა ცხადად განვაცხადო, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები თუ მას ამის გაკეთება არ სურს და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს.
ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა თუ ნებისმიერი სხვა არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს", - თქვა დეგნანმა.
მანვე განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით.
"საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულბს სანქციებს, რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს", - თქვა დეგნანმა.
ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ მთავარია ერთიანი მხარდაჭერა გამოხატონ უკრაინის მიმართ, რისი გაკეთების ერთ-ერთი გზაც სწორედ სანქციების აღსრულებაა.
ცნობისთივს, კელი დეგნანი დღეს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, ის უკვე შეხვდა ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებს.