ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი 2008 წელს და მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე - ეს განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ღარიბაშვილმა ისაუბრა აგვისტოს ომზე, გაიხსენა ლეხ კაჩინსკისა და სხვა ლიდერების მხარდაჭერა, თუმცა არ დავიწყებია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ლანძღვა:
"მინდა შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით...
სამწუხაროდ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამაც არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული კომპანიები და მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი ომის შემდეგ და შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია." თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ კარგად აცნობიერებს იმ ტრაგედიას რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს და საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფ ქვეყანას ყველა დონეზე ეხმარება.