"გვინდა, რომ სანქციები გავაღრმაოთ... თითოეულ დაბომბილ სახლზე რუსეთს ახალი სანქცია უნდა ემატებოდეს" - პოლონეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიცკი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს.

როგორც მან ბათუმში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინის მიმართ რუსეთის ბარბაროსული ქმედებები მიუღებელია.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთის აგრესია შევაჩეროთ. სანქციები, რომელიც უკვე მიღებულია ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მხრიდან, გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თითოეულ დანგრეულ, დაბომბილ სახლზე კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები", - თქვა მორავიცკიმ.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საქართველოს მონაწილეობას, პოლონეთის პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან პასიურობაზე "ხმები ისმის", თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ქვეყანა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს.

"არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს.

ვინ შეიძლება გაიგოს უკეთ უკრაინელებისა, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის ქვეყნის 20 პროცენტი, რომელიც დაკავებულია ამჟამად ოკუპანტების მიერ. ის აგრესია, რომელიც იყო 2008 წელს, დღემდე იგრძნობა საქართველოში. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვართ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი