
პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიონ.
ამასთან დაკავშირებით პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა:
"მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, ჩვენი პარტია - "ლელო საქართველოსთვის" და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრები, გამოვდივართ ინიციატივით, მივიღოთ გადაწყვეტილება და მოვიწვიოთ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი, ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად თუ სად დგას დღეს საქართველო", - თქვა სამადაშვილმა.
მის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა, რასაც სამადაშვილმა ასე უპასუხა:
"არ გინდათ, რომ გამოვიდეს აქ სიტყვით? მაშინ თქვით, რომ არ გინდათ, ზელენსკი პარლამენტში გამოვიდეს სიტყვით. ლავროვი მოიწვიეთ", - მიმართა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას არ გამოეხმაურებია.