20 ივნისის საქმის განხილვას სტასბურგის სასამართლო იწყებს - ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო. გავრილოვის სისხლიანი ღამე, რომელიც ხელისუფლებამ უკვე ერთი წელია ვერ გამოიძია, ახლა ევროპელი მოსამართლებიის ხელში გადადის, სადაც სარჩელის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს კუთვნილი სახელი დაერქმება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელზე პასუხი უკვე მიღებულია და სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებს.
გიორგი გახარიამ, რომელიც იმ პერიოდში შსს- მინისტრი იყო, განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამის ყველა დეტალი აღარ ახსოვს.
8 თვე გავიდა, რაც შს მინისტრი აღარ ვარ და რაღაცეები მეხსიერებიდან იშლება. ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ჩემთვის პირადად ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა, - განაცხადა მან.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ყველა ოფიციალური და დოკუმენტური მტკიცებულება აქვთ, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.
ამ დღეებში ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია სტრასბურგიდან, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ჩვენი მომზადებულკი სარჩელები. ეს არის სამი დაზარალებული ჟურნალისტის სარჩელი, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მათ არ ჰქონდათ დაზარალებულის სტატუსი, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით პროკურატურისგან მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.
ცქიტიშვილის თქმით, არსებული მტკიცებულებები საშუალებას იძლეოდა, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ ადამიანებს შესაბამისი სტატუსი მიეღოთ, თუმცა პროკურატურამ ეს ნაბიჯი არ გადადგა.
სტრასბურგში შეტანილ სარჩელებს შორისაა "მთავარის არხის" ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის საქმე.
ყოველ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი საქმე ეს ნამდვილად არ არის ჩვენთვის, გახარიასგან განსხვავებით, ჩვენ არაფერი დაგვვიწყებია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი გავიდა, - ამბობს ჟურნალისტი.
პარალელურად, მორიგი სარჩელი შეიტანა დღეს საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და დავა სახემწიფოსთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით იწყება.
მივმართეთ სასამართლოს შსს-ს წინააღმდეგ მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნით. თითოეულმა ამ ადამიანმა განიცადა მნიშვნელოვანი მორალულრი ზიანი, მათ დაუზიანდათ სხეულის ნაწილები. ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ადამიანის სარჩელი შევიტანეთ, - ამბობს საია-ს იურისტი მარიკა დუმბაძე.
იურისტის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ორგანიზაცია სხვა ადამიანებთან დაკავშირებითაც აპირებს სასამართლოში სარჩელების შეტანას.