აშშ-ის სენატის დემოკრატები ამზადებენ გეგმას, რათა სანქციების ქვეშ მოაქციონ ის ამერიკული კომპანიებიც, რომლებიც რუსეთში საქმიანობისა და გადასახადების გადახდისთვის, ამერიკული საკრედიტო შეღავათებით სარგებლობენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მოქმედი კანონი საშუალებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს, მიიღონ კრედიტი საზღვარგარეთ გადახდილი გადასახადებისთვის. გამონაკლისია ოთხი ქვეყანა, სადაც კომპანიები არ სარგებლობენ კრედიტით, ესნია ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და სუდანი. დემოკრატები კონგრესის ზედა პალატიდან მოითხოვენ ამ სიას რუსეთის დაემატოს.
„სენატის დემოკრატები სწავლობენ კანონმდებლობას იმისთვის, რომ მოხდეს რუსეთის დამატება გამონაკლისი ქვეყნების სიაში. ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც აგრძელებენ ბიზნესსაქმიანობას რუსეთში, არ უნდა მიიღონ აშშ-ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ანაზღაურებს პუტინის რეჟიმისათვის გადახდილ გადასახადებს“ - განაცხადეს სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და სენატის ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რონ უაიდენმა.