არც კი განვიხილავთ - პაპუაშვილი ზელენსკის მიმართვაზე საქართველოს პარლამენტში

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაზე ინიციატივას არ განიხილავს. 

ის ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს სურს ქვეყანაში სიტუაცია არიონ და ის ომში ჩაითრიონ.

"რაც შეეხება ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივებს, იცით, რომ იყო რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ არც კი შევდივართ ამ ინიციატივების განხილვაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს არის ქვეყანაში არეულობა და ჩათრევა ჩვენი ქვეყნის ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში. [...]

ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა, არ უნდა არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას, ესეც გვაჩვენებს რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ რაღაც ისტერიის აწევა და ა.შ."- თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

მისი მტკიცებით, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა, რაშიც ოპოზიციის ამ ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო. 

"არცერთი თეთრი, არცერთი თეთრი ამ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან არ შემოსულა პარლამენტის სახელით ამ ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. აქედან ჩანს სინამდვილეში რა არის რეალური განზრახვა ოპოზიციის ამ ნაწილის, ეს არის მხოლოდ პიარი უხეშად რომ ვთქვათ", - თქვა მან.

პაპუაშვილმა თქვა, რომ სისხლის დონაციის კამპანიაც ჰქონდათ, რომელშიც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი