უკრაინაში 2 ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ შეტაკება კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მოხდა.
რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, ტერიტორიაზე სამი ტანკით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
შეტაკებისას დაიჭრა კიდევ რამდენიმე სამხედრო, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
დაღუპული სამხედროების გამოყვანა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან შეტაკების შემდეგ, ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს.
"ვერ გამოვიყვანეთ. შესვლა გვინდოდა და დაბომბვაში მოვყევით ჩვენც. ბიჭები წვალობდნენ, რომ გარდაცვლილები გამოგვეყვანა, მაგრამ ვერ გამოვიყვანეთ, დღეს გამოვიყვანთ", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის თქმით, ქართველებთან ერთად დაიღუპა ფრანგი მოხალისეც.
"4-ის წუთებზე მომწერა ნადიმ ხმალაძემ, ბათუმელია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია. დათო ქაცარავასთან ერთად მოხალისეებად არიან წასული. მითხრა, რომ მძიმე მდგომარეობაა. ორი ქართველი დაგვეღუპა, დაიღუპა ერთი ფრანგი მოხალისე და არიან დაჭრილები. ახლა მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ყველა დანარჩენი სამშვიდობოს არიან გასული უკვე", - თქვა მურმან დუმბაძემ.