
თუ რაიმეზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ნოტით, გაეროს მეშვეობით თუ შვეიცარიის მთავრობის მეშვეობით, სხვა ქვეყანას, ეს არის კლასიკა - დავით უსუფაშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე პრეზიდენტის განცხადებებზე ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა თემას, უნდა დაეგმო თუ არა ქვეყნის პრეზიდენტს ოფიციალურ დონეზე კადიროვის ქმედება, როცა მას ამის შანსი ჰქონდა.
მისი თქმით, ეს რომ ყოფილიყო რუსეთის რიგითი მოქალაქე, ოფიციალური განცხადებების გაკეთება არ იქნებოდა საჭირო.
როდესაც ეს არის ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობის პირი და ლაპარაკობს იმას რასაც ლაპარაკობს, იმ ტონით რა ტონითაც ლაპარაკობს, ეს არის ის კლასიკა, როდესაც სახელმწიფომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს, - ამბობს უსუფაშვილი.
უსუფაშვილის თქმით, მან კადიროვს იმ დღეებში ოფიციალური ფეისბუქ სტატუსით მიმართა.
მივმართე, რომ შენ გაბუნიას თავი დაანებე, თუ რამე მან დაარღვია ტელევიზიის ეთიკა თუ ჟურნალისტური ეთიკა, ამას აქ ჩვენ გავარკვევთ. და ეგ მუქარა, რომ 200 კმ-ა და ა.შ., თუ ვინმე ამის გამო შეურაცხყოფილია, მე ვუხდი ბოდიშს, მაგრამ ამასობაში, სანამ გაბუნიამდე მიხვალ, აგერ ვარ მე, ერთი ცალი მოქალაქე, და ასეთ ვითარებაში ოთხმა მილიონმა ქართველმა ერთად უნდა დავიძახოთ, შენთან დაკავშირებით, კადიროვო, ოთხი მილიონი ადამიანი ვართ გაბუნია, - ამბობს იგი.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოების ასე ერთად დგომა არის სწორედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი.