10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრების გზაზე - 32-მა არასამთავრობომ ხედვა წარადგინა

გამოქვეყნდა:

32-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ხედვა წარადგინა, როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიური განვითარება პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს.

"უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში და საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;
  2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;
  3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად;
  5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;
  6. ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;
  7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
  8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;
  9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;
  10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

ხელმომწერი ორგანიზაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი