პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მაღალი დონის შეხვედრებზე მიზეზის განმარტების გარეშე არ უშვებს - რადიო თავისუფლებამ მოიპოვა და გაასაჯაროვა საქართველოს მთავრობის ის განკარგულება, რომლითაც მთავრობის მეთაურმა მეხუთე პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტზე უარი უთხრა.
დოკუმენტი 2022 წლის 26 თებერვლით თარიღდება. ირკვევა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვა თანხმობა ევროპაში ოფიციალური შეხვედრების გასამართად. პრეზიდენტი პრემიერს აცნობებდა, რომ სურდა 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით მაღალი დონის პირისპირ შეხვედრები გაემართა, მათ შორის საფრანგეთის, ევროპული საბჭოს, გერმანიისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან - მიაწოდა შეხვედრების განრიგიც.
პრეზიდენტმა პრემიერისგან ერთწინადადებიანი უარი მიიღო, უარის მიზეზების აუხსნელად - დოკუმენტში მხოლოდ კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი ნაწილია მითითებული, რომელშიც მხოლოდ ის წერია, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ მთავრობა დავალებებს ოლიგარქ ივანიშვილის გავლით, კრემლისგან იღებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით პრემიერის აპარატში სულ (ინაუგურაციიდან დღემდე) გაგზავნილია 39 წერილი - აქედან 33-ზე თანხმობაა, 1-ზე უარი, 5 წერილი კი უპასუხოდ არის დარჩენილი.