"სულ საბრძოლო განწყობაზე იყო, ამბობდა, მარიუპოლს ვერ აიღებენო..." | ახალი დეტალები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქართველი მებრძოლი მარიუპოლში დაბომბვას ემსხვერპლა, რა დროსაც რუსმა აგრესორებმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა გამოიყენეს.

ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა გარდაცვლილის გადმოსვენება ფრონტის ხაზიდან. 

აგვისტოს ომის გმირი უკრაინაში 2014 წელს წავიდა და აზოვის ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალებამდე მან ოკუპანტებთან ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2012 წლამდე ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩიქობავა დაკავებული იყო, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"როცა ახერხებდა კავშირზე გამოსვლას, სულ საბრძოლო განწყობაზე იყო, ამბობდა, მარიუპოლს ვერ აიღებენო და ვერც აიღებენ. სამწუხაროდ, ის ემსხვერპლა ამ ომს. იყო მართლა ძალიან მაგარი ბიჭი, მაგარი მებრძოლი. ის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ანუ სპეცრაზმის უფროსი. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ჯერ დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებით, მერე მოუწიათ გამოშვება. ბახვა სხვანაირი ადამიანი იყო, მან იცოდა, რომ თავის ადგილზე იყო და იქ იყო ბოლომდე. 24-საათიან რეჟიმში ომობდა ბოლო სამი კვირა. დარწმუნებული ვარ, ბახვასთვის და იქ დაღუპულებისთვის მარიუპოლი არ დაეცემა", - თქვა გივი თარგამაძემ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას უკვე სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა. გუშინ ქალაქ ირპენთან თავდასხმას ემსხვერპლნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. მას შემდეგ, რაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ. ერთი ქართველი და ფრანგი მებრძოლი დაჭრილები არიან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი