"იმედმა დაწერა პროპაგანდისტული ხელისუფლების სასარგებლოდ ციფრი და ახლა ზეიმობს რუსეთი" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ "გორბის" კვლევას, რომლის მონაცემებიც რუსულმა მედიამ გამოქვეყნა.
"გორბი არის იმედის სატელიტი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი არის, ასევე იმედის რეიტინგების მკვლევარი ფირმის დამფუძნებელი, ეს ის ორგანიზაციაა, რომლითაც არჩევნებს, პირველივე ტურში 70%-ით იგებს ქართული ოცნება. ეს ორგანიზაციაა, რომელიც იმედის დაკვეთით უბრალოდ წერს ციფრებს და არავითარ კვლევას არ ატარებს. ამიტომ იმედმა დაწერა ეს პროპაგანდისტული ციფრი პროპაგანდისტული ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ და შესაბამისად რუსეთის სასარგებლოდ, ახლა კი ზეიმობს რუსეთი.
ზეიმობს როგორც ყოველთვის ტყუილებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ე.წ. სატოპკე აწეულია იმედის მიერ და არ არის ეს შემთხვევითი, პირიქით, აბსოლუტურად კანონზომიერად და მიზანმიმართულად არის გაკეთებული, ამ ტელეკომპანიისა და მისი პატრონის, ბიძინა ივანიშვილის მიერ",-თქვა ნიკა გვარამიამ.
ქართველების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ "გორბის" კვლევაზე დაყრდნობით.
"იმედის" დაკვეთით სატელეფონო გამოკითხვა 10-დან 16 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1008-მა ადამიანმა მიიღო.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გამოკითხულთა 64,5%-მა დაუჭირა მხარი, 30,4%-მა კი ამ ნაბიჯს არასწორი უწოდა. 5,2%-ს გაუჭირდა, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.