არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. ისინი ხელისუფლებას კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას სთავაზობენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იქმნება ძალიან ცხადი გამყოფი ხაზი, ცივილიზებულ სამყაროსა და პუტინის რეჟიმსა და მის მცირერიცხოვან ღია თუ პასიურ მხარდამჭერებს შორის. NGO-ები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა გააკეთა არჩევანი უკრაინის თავისუფლებისა და ერთიანობის სასარგებლოდ.
"ახლა ჩნდება ისტორიული შანსი, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ქართველების მრავალი თაობის სურვილი და ნაღვაწი, რომ საქართველო რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამიტომ, დღეს საქართველოს პოზიციაში ეჭვი არავის უნდა შეჰქონდეს – ის ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იდგეს დასავლეთის და განვითარებული მსოფლიოს გვერდით, საპირისპირო გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.
საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
- მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის;
- "ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;
- "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;
- მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით;
- საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე;
- პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი.
სამოქალაქო სექტორი მზადაა აღნიშნული ნაბიჯების განხორციელებაში ჩართოს სადაც ეს შესაძლებელია.