
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერს კორუფციაში ადანაშაულებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი რევაზ ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანმა კლასელის კომპანიას "აჭარგანათებას" 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოაგებინა.
"მერს მოვუწოდეთ, შეწყვეტილიყო ეს ტენდერი, რომელიც იყო კორუფციული. ე.წ. მერმა, ეს არ მოისმინა და თავის კლასელს, თავის მეგობარს, რომელიც შემოიკედლა მასთან, გაუფორმა ეს ხელშეკრულება და 29 მილიონი ლარი გაურკვეველ ვითარებაში უნდა დაიხარჯოს", - ამბობს ენმ-ის წევრი რევაზ ხარაზი.
აღნიშნულ ტენდერზე ვრცელი დასკვნა აქვს მომზადებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს თემის დროული მოკვლევისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, დოკუმენტში კორუფციული ნიშნები იკვეთება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ "აჭარგანათებამ" უკონკურენტოდ მიიღო სახელმწიფო შესყიდვა, პრაქტიკულად შესყიდვის წინარე მოსამზადებელ სამუშოებშიც გამოიკვეთა, რომ "აჭარაგანათებას" ჰქონდა უპირატესი მდგომარეობა. ისე არის სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებული, რომ სხვა კომპანია რომელიც ოპერირებს აჭარაში, ვერ შეძლებდა იმ პირობების დაკმაყოფილებას, რაც ჩაიწერა სატენდერო დოკუმენტაციაში. მოვუწოდებთ, უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომ დაიწყოს ამ თემის მოკვლევა", - ამბობს მალხაზ ჭკადუა.