ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი შეფასება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის განხილვას ეფუძნება.
"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყების შემდეგ, გააჩაღა ულმობელი ძალადობა, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. ჩვენ გავეცანით არაერთ სანდო წყაროს განურჩეველი თავდასხმების შესახებ, რომლებიც მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას.
რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ავტომობილები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა.
ბევრი ადგილი, სადაც რუსეთის ძალებმა იერიშები მიიტანეს, აშკარად იდენტიფიცირებული იყო, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ გამოყენებული. ეს მოიცავს მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს, როგორც ეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა პირდაპირ აღნიშნა 11 მარტის ანგარიშში. იგი ასევე მოიცავს იერიშებს რომელიც მიტანილ იქნა მარიუპოლის თეატრზე, ნათლად მონიშნული სიტყვა „дети“ - რუსული ნიშნავს „ბავშვებს“ - უზარმაზარი ასოებით, რომელიც ციდან ჩანს. პუტინის ძალებმა იგივე ტაქტიკა გამოიყენეს გროზნოში, ჩეჩნეთში და ალეპოში, სირიაში, სადაც მათ გააძლიერეს ქალაქების დაბომბვა ხალხის ერთიანობისა და ნების გასატეხად. მათმა ქმედებებმა უკრაინაში კიდევ ერთხელ ჩააგდო მსოფლიო შოკში, და, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად დაადასტურა, „სისხლითა და ცრემლებით დაბანა უკრაინელი ხალხი“.
ყოველდღე, როდესაც რუსეთის ძალები აგრძელებენ სასტიკ თავდასხმებს, დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, იზრდება. 22 მარტის მდგომარეობით, ალყაში მოქცეული მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ამ ქალაქში 2400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გასულ კვირას მე გამოვეხმაურე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ნგრევისა და ტანჯვის ამსახველ უთვალავ მასალასა და სურათებს, რომლებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელიც მოწმობს ომის დანაშაულებს, ჩადენილს პუტინის ძალების მიერ უკრაინაში. მაშინ აღვნიშნე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობის სხვა ექსპერტები ახდენენ ცნობებისა და ფაქტების დოკუმენტირებას და აფასებდნენ უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებებს.
დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში.
ჩვენი შეფასება ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან. ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, სასამართლო, რომელსაც აქვს იურისდიქცია ამ ტიპის დანაშაულებზე, საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის განსაზღვრაზე.
აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ანგარიშების მონიტორინფს და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარებს ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით" - წერია ბლინკენის განცხადებაში.