
იქნება თუ არა საქართველო შემდეგი?- უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, CNN-ის ჟურნალისტმა ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არავინ იცის რას იზამს პუტინი უკრაინაში დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ახლა ძალიან დაუცველია, მსოფლიოს ყურადღება კი უმნიშვნელოვანესი.
"იქნება თუ არა საქართველო შემდეგი, ეს ძალინ რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა, ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს ეს აღარ განმეორდება. ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია უკრაინაში მისი დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში.
ჩვენ უკვე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებზეც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ზურაბიშვილი ხელისუფლებიდან ერთადერთი იყო, რომელიც გუშინ უკრაინიდან ჩამოსვენებულ ქართველ სამხედროებს დახვდა. პრეზიდენტს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებია.