უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდები დღეს გაიმართება, დავით რატიანს ქაშვეთის ეკლესიაში 3 საათზე გადაასვენებენ, გია ბერიაშვილის ცხედარი კი თემქის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაშია დასვენებული.
სამხედროებს ხვალ კერძო სასაფლაოებზე დაკრძალავენ, რადგან ოჯახებმა ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი თავდაცვის სამინისტროდან, გამოინახებოდა თუ არა ადგილი გია ბერიაშვილისა და დავით რატიანისთვის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
რატიანის ოჯახი ამბობს, რომ ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად ჯარისკაცს ხვალ ვარკეთილში დაკრძალავენ.
"განაცხადი ხომ გვქონდა, არაფერი გამოხმაურება არ ყოფილა, არ ვიცი, ოფიციალურად იყო, თუ არაოფიციალურად, კი გავიგე, რომ ვერ ხერხდება იქ, ეს გავიგე. აქ არავინ არ მოსულა, ალბათ სამოქალაქო პანაშვიდზე აპირებს ყველა მისვლას. იმ იმედით მიდიოდა, რომ ბავშვებს, მის შვილებს არ ექნებოდათ საბრძოლველი ამ ყველაფერზე მომავალში, რაზეც თვითონ ფიქრობდა. რუსეთ-უკრაინის ომზე გადის საქართველოს ბედი, ამის სჯეროდა", - თქვა დავით რატიანის ცოლმა, ია შაშვიაშვილმა.
უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. პანაშვიდებზე ხელისუფლების წევრები ამ დრომდე არ გამოჩენილან.