
ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა დასაშვები ხდება - გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს
საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები - ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ყველა ეს აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ჩატარდეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ ჯგუფებში წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი PCR ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.