უკრაინის მოქალაქეების 83%-ს სურს, რომ უკრაინული ერთადერთი სახელმწიფო ენა იყოს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ გამოკითხვა ჩაატარა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმისა და მასში 1000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
სოციოლოგების ცნობით, 2012 წლიდან 2022 წლამდე უკრაინაში იმ ადამიანების წილი, ვინც რუსულს მშობლიურ ენად მიიჩნევს, 42%-დან 20%-მდე შემცირდა.
"ორმა მესამედმა, ვინც თავს ორენოვანად თვლის, განაცხადა, რომ მომავალში აპირებს ექსკლუზიურად უკრაინულ ენაზე გადასვლას, ხოლო რუსულენოვანთა შორის - მესამედი. 83% მომხრეა, რომ უკრაინული იყოს უკრაინის ერთადერთი ოფიციალური ენა. ეს თვალსაზრისი დომინირებს ქვეყნის ყველა რეგიონსა და ასაკობრივ ჯგუფში"- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ უკრაინაში უკრაინულ და რუსულენოვან მოქალაქეებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. მხოლოდ 2%-ს სჯერა რუსეთის მტკიცება, რომ შემოჭრილი არმია მოვიდა უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.