
"პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. PosTV-სთან საუბრისას ამბობს, რომ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში სიმბოლურია, ამიტომ დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილს.
„ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელიც სიმბოლურია, არამედ პრემიერის პოსტზე. მაგრამ, რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის არსებითად სიმბოლური როლი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სისტემა ირღვევა. პრეზიდენტის სიმბოლურად არის გარანტი კონსტიტუციის დაცვის და როდესაც ის თავად არღვევს კონსტიტუციას, ეს თავისთავად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი მოვლენა კონსტიტუციური წესრიგისთვის“, - თქვა კობახიძემ.