ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ უტევენ. შეტაკებები გრძელდება კიევის ოლქში. მაკარივის რაიონი აგრესორების იერიშის შემდეგ მიწასთანაა გასწორებული.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ამ მცირე დასახლებაში სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. მათივე თქმით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გადარჩენილებს ახლობლების დაკრძალვა საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ.
"ხომ ხედავთ რას დაამსგავსეს რუსებმა მაკარივი. ყველაფერი დაბომბილია. გაივლი 200 მეტრს სახლი იწვის, კიდევ 200 მეტრს და იქაც სახლი იწვის. აქ საბავშვო მაღაზია იყო, სათამაშოები იყიდებოდა, დაბომბეს, აქ საცხობი იყო - გაანადგურეს, ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული. გარდაცვლილებს პირდაპირ უკანა ეზოში კრძალავენ. მეზობელმა ქალიშვილი დაკრძალა ქუჩაში მოდიოდა როდესაც ჭურვი ჩამოაგდეს სასაფლაომდე ვერ მიხვალ, საშიშია, ამიტომ ასე გამოვიდა", - ამბობს ადგილობრივი.
ჰუმანიტარული კატასტროფაა ჩერნიგოვში, სადაც რუსებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს. ოფიციალური კიევი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ქალაქმა შესაძლოა, მარიუპოლის ბედი გაიზიაროს. ერთადერთი გზა, საიდანაც ხდებოდა ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა, ოკუპანტებს აქვთ ბლოკირებული. ქალაქში იწურება წყლისა და საკვები რესურსი. არ არის ელექტროენერგია და გათბობა.