გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე. ხმები აქვთ, უნდათ - გაიტანენ, არ უნდათ - ჩააგდებენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. ამით გოცირიძე ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების მიღება ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მოუწოდებენ მხარეებს, რვა მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და არ არის გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი. რაც შეეხება მოწოდებას, რომ კენჭისყრაში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს. არსებობს რისკები, ეს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე. ხმები აქვთ, უნდათ - გაიტანენ, არ უნდათ - ჩააგდებენ. 27 წარმომადგენელი შევა ოპოზიციის? 28-ს მოძებნიან "ქართულ ოცნებაში". გადაწყვეტილება იქნება ის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს - ამბობს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რვა მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მისი შესრულება, აუცილებელია. ფასილიტატორმა ელჩებმა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ შეთანხმების ყველა მონაწილეს მოუწოდეს.