ბიძინა ივანიშვილის ხელშია რურუას გამოშვება, ხმების მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რაღაც დროის მანძილზე არ შეასრულებს დადებულ პირობას - რურუას გათავისუფლებას, ეს საკითხები მუდმივად დღის წესრიგში იქნება. ბოკერია ფასილიტატორი ელჩების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქართველოს მეგობრებისგან მნიშვნელოვანი გზავნილია.
ეს ის არის, რაზეც ქართული საზოგადოების წინაშე ივანიშვილმა პირობა დადო და ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მეგობრების. თუკი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დროის მანძილზე ამ პირობას არ შეასრულებს, კერძოდ, დარჩენილ პოლიტპატიმარს გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იქნება. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, ვითარება დარეგულირდეს, სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებში, შემდეგ იყოს შედარებით ნორმალური კამპანია და მერე ყველა შეეგუოს, მათ შორის პირველ რიგში, ივანიშვილი ამომრჩევლის ვერდიქტს. ეს არის ჩვენი ამოცანა, - ამბობს გიგა ბოკერია.
ბოკერიას თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება და და საკონსტიტუციო ცვილებების მიღება სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელშია.
სამწუხაროდ, ამ ვითარების გასაღები ივანიშვილის ხელშია, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან. მის ხელშია რურუას გამოშვება, ხმების მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის. ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, ისევე როგორც საქართველოს მეგობრები, რომ ამ საკითხში მონაწილეობა მივიღოთ, ოღონდ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, გასაღები ივანიშვილის ხელშია. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ისაა, რომ ამაში მონაწილეობის მიღება გვსურს, ოღონდ ჯერ-ჯერობით შეთანხმება შესრულებული არ არის,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რვა მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მისი შესრულება, აუცილებელია. ფასილიტატორმა ელჩებმა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ შეთანხმების ყველა მონაწილეს მოუწოდეს.