
სრულიად აცდენილია თქვენი განცხადება იმ უმძიმეს რეალობას, რაც დღეს ქვეყანაში არის. თქვენ ედრებით ამერიკასა და გერმანიას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერმინისტრი - ასე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ ღარიბაშვილს დღევანდელ განცხადებაზე.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ 2016 წელს აქციზის გადასახადი გააორმაგა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აქციზის გადასახადის გაუქმებას აქციის მონაწილეების მსგავსად, პარლამენტში თავადაც ითხოვდნენ.
"რამდენზეა საუბარი? ესაა 500 მილიონის ხარჯზე საუბარი, შემოსავალზე ბიუჯეტზე. რას უნდა დააკლოთ აქციზის გაუქმების შემთხვევაში ეს დანახარჯები? - თქვენს ფუფუნების საგნებს, თქვენს ხელფასებსა და პრემიერს, კოორდინატორების ხელფასებსა და პრემიებს თქვენ რომ გყავთ დაფინანსებული და დასაქმებული სიპებსა და ა(ა)იპებში. ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა და გააუქმეთ აქციზის გადასახადი"- ამბობს გიორგი ვაშაძე.
როგორც ცნობილია, ფინანსთა მინისტრი დღეს საკონსულტაციო ჯგუს შეხვდება და საწვავის გაზრდილ ფასებზე მოქალაქეების კითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საწვავის გაზრდილი ფასების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში აქცია გამართეს. შსს-მ პროტესტის გამო, 20 ადამიანი დააკავა.
აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დაკავებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებმა მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და ესტაკადები ჩაკეტეს
იხილეთ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება აქციაზე: