იმიტირებული ქორწილი სახელმწიფო კანცელარიასთან პირველად გაიმართა, საქორწილო ტრადიციული მარშის ნაცვლად საპროტესტოდ გამოსულმა ახალგაზრდებმა, საკუთარი პოზიცია ხელისუფლებას განსხვავებულად აჩვენეს. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ, წვეულებების აკრძალვა მხოლოდ ერთეულებისთვის აღმოჩნდა სავალდებულო, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური ახლობლობა კი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ზოგ შემთხვევაში, თავდაცვის უალტერნატივო საშუალება აღმოჩნდა.
ღონისძიებებთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვები, რომ შერჩევითია ამ ვიდეომასალაში კარგად ჩანს. ქობულეთის გამგებელმა ბევრი არჩია ადგილი, სად გადაეხადა შვილის ნიშნობა, რომ ხალხმრავლობა ვინმეს თვალში არ მოხვედროდა, ბოლოს რესტორანი "ჭყიმარტე" შეარჩია, ქორწილი ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე ჩაატარა და 70 სტუმრისთვის გასართობი პროგრამაც საგანგებოდ შეადგინა. მაშინ "ოცნების" გამგებელი არავის დაუჯარიმებია.
საგანგებო შეზღუდვებისგან თავისუფალი მხოლოდ პოლიტიკური წვეულებები აღმოჩნდა. სხვა ყველა შემთხვევაში ორგანიზატორიც და ფიზიკური პირიც კოლოსალური ჯარიმით ისჯება. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები ღია ცის ქვეშაც, თუმცა ესეც შერჩევით. თუკი მინისტრი ტიკარაძე ხარ არავითარი შეკრება არ გეზღუდება. გუშინ მისი საქმიანობის ანგარიშზე მთელი პოლიტიკური ელიტა იყო შეკრებილი, გაცილებით ბევრი ადამიანი, ვიდრე კანონით დაშვებული რაოდენობაა. კორონაპანდემიის საბაბით დაწესებული მკაცრი შეზღუდვები კი ვრცელდება წვეულებების სხვა ორგანიზატორებისვის.
სახელმწიფო შეზღუდვების გამო ივენთკომპანიების ზარალი ყოველდღიურად იზრდება, იმის გამო, რომ კოვიდ 19-ის მიზეზით სახელმწიფო საყოველთაო შეზღუდვებს მხოლოდ საკუთარი ფავორიტებისთვის ხსნის, უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ სპეციალისტები. ივენთმენეჯერები აცხადებენ, რომ თანაბარი პირობები ყველა ღონისძიების ავტორზე უნდა ვრცელდებოდეს.
რატომ აღმოჩნდა კოვიდ 19-ის საფრთხე "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტისთვის ნაკლებად საშიში, პასუხი არავის აქვს. წვეულებების აკრძალვისა და ხალხმრავალი შეკრების შეზღუდვის გამო კი ასობით თვითდასაქმებული შემოსავლის გარეშე რჩება, ასეთი მოქალაქეები კი პასუხს ხელისუფლებისგან ელოდებიან, როდის მიეცემათ მუშაობის უფლება.