ავტობუსების გაჩერებებმა გლდანელები დააბნია. მოქალაქეები, რამდენიმე დღეა, ავტობუსებს მოძრაობის საპირისპირო მხარეს ელოდებიან, თუმცა ტრანსპორტი ახლადგაკეთებულ გაჩერებებთან ჯერ არ მიდის. გლდანში ამ დრომდე ვერავინ გაარკვია, ცალმხრივი მოძრობისას, რატომ დგას გაჩერებები ქუჩის მარცხენა მხარეს, იქ, სადაც ტრანსპორტში ვერ ჩაჯდები. დაბნეული მგზავრები ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილობრივების აზრი რეაბილიტაციის პროცესში რომ არ გაითვალისწინეს, დღეს ამაზე გლდანელები ღიად საუბრობენ. ამბობენ, რომ ავტობუსებმა მოძრაობის საპირისპიროდ არ უნდა იარონ, რადგან ხიზანიშვილის ქუჩის არსებულ სატრანსპორტო ქსელს ეს კიდევ უფრო გადატვირთავს და საცობებსაც გაზრდის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლასთან დაკვაშვირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოსახლეობის მსგავსად სპეციალისტებისთვისაც გაუგებარია. "ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ ქალაქის მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის რეალურ შედეგს არ მოიტანს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შესაცველელად სათანადო კვლევები არ ჩატარებულა და მხოლოდ თბილისის მერის პირადი გადაწყვეტილებაა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების მდგომარეობას არ შეამსუბუქებს და გლდანში სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალია.
ავტობუსების გაჩერებები ქალაქის ორ რაიონში უკვე განთავსდა, ახლა თბილისელები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას ელოდებიან, რომ შეაფასონ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო თბილისი მერიამ.