ოპოზიცია შეთანხმდა - მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები თბილისში

გამოქვეყნდა:

დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიისგან და არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისიდან მაჟორიტარის ქსელებით ისევ შემოვიდნენ ხელისუფლებაში ის ავადსახსენებელი სახეები - შალვა ნათელაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების ოფიციალური წარმდგენი, ლეიბორისტების ოფისში დღეს, შეხვედრების მთავარი მასპინძელი იყო. 

"ოცნების" მიერ პარლამენტიდან საგანგებოდ გაგდებული და შინაპატიმრობა მისჯილი ნიკა მელია თბილისის ყველაზე დიდი ოლქისთვის იბძოლებს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ნიკა მელიას პოლიტიკურ განეიტრალებას მმართველი პარტია უკვე ერთი წელია ცდილობს. ჯერ დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს, შემდეგ ხელზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. რამდენიმე თვეში კი უმრავლესობის 88 წევრმა ოფიციალურად გააფორმა "ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუჩერდა. 

თბილისის რვა ოლქიდან სამგორის ოლქისთვის იბრძოლებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი აქტიური სახე - ლევან ხაბეიშვილი. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი "ოცნების" კორუფციული და საეჭვო გარიგებების მხილების გამო, მმართველი პარტიის თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ამბობს, რომ ახლაც რთულ ბრძოლაში შედის, თუმცა მზად არის ხელისუფლების შეცვლის პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს. 

ოპოზიციის გამორჩეული სახე "ევროპული საქართველოდან" ბრძოლის წინა ხაზზე 2020 წლის არჩევნებისთვისაც იქნება. ელენე ხოშტარიამ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ოლქი - ვაკე ჩაიბარა. დეპუტატი, რომელმაც სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის მორგება პირველმა გააპროტესტა, დღემდე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ყველა აქციის მონაწილეა. ვაკეში მაჟორიტარობის მეორედ იბრძოლებს. ყველა ოჯახში ისევ პირადად მივა და კამპანიაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვას აპირებს. 

ის, ვინც ივანიშვილის კოალიციიდან ერთ-ერთ პირველი წამოვიდა, ახლა ყოფილ თანაგუნდელებს ძველ თბილისში, მთაწმინდაზე დაუპირისპირდება. შალვა შავგულიძე კანდიდატად "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კვოტით არის წარდგენილი. პოლიტიკურთან ერთად, საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს და ახლა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ინტერესებს იცავს. 

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ისანში კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. "ახალი საქართველოს" ლიდერმა საარჩევნო კამპანია თვეების წინ დაიწყო, როდესაც გასული წლის ოქტომბერში "სტრატეგეგია აღმაშენებლი" წარადგინა. კოვიდ 19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ხელისუფლებისგან კორონავირუსზე აგრესიული ტესტირების დაწყებას ითხოვდა. 

ოპოზიციის მთავარ მასპინძელს მაჟორიტარობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენა მოუწია. ამბობს, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე საკვანძო თბილისი იქნება. 2020 წელს მისი არჩევანი ნაძალადევის ოლქია. პირველი ლეიბორისტის თქმით, თბილისის ამ რაიონში ლეიბორისტებს უკვე 20 წელზე მეტია ერთგული ამომრჩეველი ჰყავს და ნაძლადევში პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ღიად დატოვა საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქები. კონსულტაციები ჯერ კიდევ მიდის. მათ შორის ჯერ კიდევ ელოდებიან საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თანხმობას. თუ გიორგი მარველაშვილი საარჩევნო მარათონში ჩართვას დათანხმდება, ის სავარაუდოდ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი