ვლადიმერ პუტინის მხრიდან ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. რუსეთის ლიდერი იმიტომ უსწორდება ქართველ ჟურნალისტს, რომ მან გაბედა და პუტინი გააკრიტიკა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილ მკველელობას. ამბობს, რომ ევროკავშირი ამ ფაქტს სათანადო ყურადღებას მიაქცევს.
ეს საქმე უკვე ბევრი ევროპარლამენტარისთვისაა ცნობილი, ამიტომ ჩვენ გვექნება საერთო ქმედებებიც. ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქე, ინგუში, კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას ცდილობდა. გიორგი გაბუნია კი ცნობილია პუტინისადმი თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა, ამიტომ ამ საქმეს ყველა დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაკვირდებით ქართველი სამართალდამცავების ქმედებებს, რომლებმაც საქმე ბოლომდე უნდა გახსნან. გვინდა, რომ ქართველმა გამომძიებლებმა გაარკვიონ ყველაფერი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მზადაა დასახმარებლად. ვლადიმერ პუტინი, იმის ნაცვლად, რომ კორონა კრიზისის გადალახვაზე იყოს კონცენტრირებული, ვხედავთ, რომ სხვა სუვერენული ქვეყნების მოქალაქეებს ემუქრება, - ამბობს ფოტიგა.
"მთავარ არხთან" საუბრისას ანა ფოტიგამ თქვა ისიც, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსგან რვა მარტის შეთანხმების შესრულებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საკონტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანას ელოდებიან.
გიორგი რურუას საკითხი ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ჟოზეფ ბორელთანაც რადგან მიმაჩნია, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. ეს საქართველოს მიმართ ნდობას გაზრდის. მე დაჟინებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას, რომ განეხილათ ეს საქმე. ვფიქრობ, გიორგი რურუას დაკავების გარდა, თქვენს ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარა დამატებითი პრობლემა და დიდი დარტყმაა თქვენი არხისთვის. როგორც გითხარით, გიორგი რურუას თემაზე მე არაერთხელ მივმართე თქვენს ხელისუფლებას და ჩემს აზრს ბევრი პარლამენტარი იზიარებს, - ამბობს ფოტიგა.