ეს იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, სადამსჯელო ოპერაცია! -ასე აფასებს 20-21 ივნისის მოვლენებს ცენტრი "ემპათია". დასკვნა სისხლიანი ღამის შედეგების მიხედვით დაწერეს. დაზიანებები სახის არესა და წელს ზემოთ, ძირითადად ზურგზე, მკერდსა და კიდურებზე. სროლა დამიზნებით და დევნა. ფიზიკური ანგარიშსწორება და არასათანადო მოპყრობა ეპიცენტრიდან ორი-სამი კილომეტრის დაშორებით. ყველა ეს დეტალი "ემპათიაში" იციან, პირადად დაშავებულებისგან, რომლებიც ერთი წელია ელოდებიან დაზარალებულის სტატუსს.
სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს რომ მიზანმიმართულად ისროდნენ, წერს საიაც, რომელიც ერთი წელია სწავლობს და იკვლევს სისხლიანი ღამის მოვლენებს. ორგანიზაციაში არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეც საუბრობენ. საიას შეფასებით, ცრემლმდენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის ახლო მანძილიდან. ამის მიუხედავად, უკვე ერთია წელია, პასუხისმგებელი პირები არ არიან გამოვლენილი და მხოლოდ სამი პოლიციელის წინააღმდეგ არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა.
არც დაზარალებულის სტატუსი და არც წვდომაა საქმის მასალებსა თუ საექსპერტო დასკვნებზე. სამოქალაქო სექტორი იმ დარღევებზეც საუბრობს, რომელიც 20-21 ივნისის შემდეგ გამოვლინდა. გაირკვა, რომ დაშავებულთა შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ყველა კლინიკიდან პროკურატურამ წაიღო და დაშავებულთა უმეტესობას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას. რა მოხდა, სად მოხდა, რა ვითარებაში, ვინ მიაყენა დაზიანება და რა მოტივით. დოკუმენტებში არც ეს არის აღწერილი, რაც აფიქრებინებს სამოქალაქო სექტორს, რომ ინფორმაციას შეგნებულად მალავდნენ. იყო დაშავებულთა დაშინების შემთხვევებიც.
"ემპათიის" კვლევის მიხედვით ერთმანეთს არ ემთხვევა საავადმყოფოებიდან მიღებული ინფორმაცია და საგანგებო სიტუაციების ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკა. კვლავ გაურკვეველი რჩება ვინ, სად და რა გარემოებაში, რა დაზიანებები მიიღო. ვინ დაფარა მძიმედ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯები? ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სწავლობს "ემპათია". მათი ინფორმაციით რამდენიმე პაციენტის მკურნალობა ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა, რაც არაფორმალურ გარიგებაზე მიუთითებს, რომლის მიზანია არ გასაჯაროვდეს სრული ინფორმაცია 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ და არ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.
არასამთავრობოების შეფასებით ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა სრულად არ გამოიყენეს აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, ახლა კი ცდილობს დაფაროს დანაშაული, რის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით 275 პირი დაშავდა. როგორ ესროდნენ დამიზნებით პარლამენტთან შეკრებილებს, კარგად ახსოვთ სამოქალო აქტივისტებს. ისინი ერთი წელია ელოდებიან დამანშავეების დასჯასა და საქმის ობიექტურ გამოძიებას.
ვინ არის პასუხისმგებელი განვითარებულ მოვლენებზე? პოლიტიკოსების შეფასებით 20 ივნისის სისხლიანი ღამე იყო არა კონკრეტულ სამართალდამცველთა გადაცდომა არამედ სისტემური დანაშაული.
ხელისუფლების ტრადიციული ვერსია, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა შტურმი და დესტაბილიზაცია, ისევ ძალაშია საპარლამენტო ურმრაველსობისთვის.
ხვალ ერთი წელი სრულდება სისხლიანი ღამიდან, თუმცა კვლავ მთავარ მოთხოვნდა რჩება საქმის დროული და ობიექტური გამოძიება. სამოქალაქო სექტორის ითხოვს, დადგინდეს რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერება, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, აქციის დაშავებულ მონაწილეებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი.