
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე- პრემიერის,საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს თავმჯდომარის რანგში საქართველოში ვიზიტისთვის, რაც რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეუთოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამანადგურებელი ქმედებები სხვა რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ ეუთოს არეალში. საქართველო გახლავთ ამის ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი მაგალითი. ვხედავთ, რომ არის მცდელობა, ძალისმიერი მეთოდებით მოხდეს საზღვრების ცვლილება ევროპაში.ტანკებისა და მავთულხლართების ენა, ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს. ის მიმართულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა, არამედ იგი მიმართულია ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ.
მე მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ხალხს იმისათვის, რომ მათ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეუთო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას და უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის მისიის ფარგლებში საქართველოს დამკვირვებლებს ასევე აღსანიშნავია თბილისის მხარდაჭერა უკრაინიდან ეუთოს წარმომადგენელთა ევაკუაციის პროცესში
ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხები იყოს მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩვენი ამოცანაა, სხვა თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არსებობდეს ღია არხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის, რათა თავიდან ავიცილოთ წინასწარ განზრახული ესკალაცია.
ჩვენი აზრით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ასევე უნდა ემსახურებოდეს ამ მიზანს. ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩემი სპეციალური წარმომადგენლის გარეშე. მან უკვე რამდენჯერმე განახორციელა ვიზიტი საქართველოში და იგი არ იშურებს ძალისხმევას, რომ იმოქმედოს როგორც შუამავალმა.
ეუთო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, მხარი დაუჭიროს ინიციატივას შერიგების, ნდობისა აღდგენისა და დიალოგის კუთხით." თქვა ზბიგნევ რაუმ, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.