
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ აპირებენ პრეზიდენტს კინკლაობაში შეყვნენ. მისი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. კობახიძემ თქვა, რომ ქვეყნებს და გვარებს ვერ დაასახელებს.
"არავინ არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ რაღაც კინკლაობის მცდელობაში, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით, და ფაქტები არის შემდეგი, გასული წლის ივნის-ივლისში, პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა 3 წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი, გასულია თითქმის ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ნაწილში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. კობახიძემ ზურაბიშვილი "საკუთარი ე.წ. არგუმენტებით" საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში ჩარევაში დაადანაშაულა.
"წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის წარდგინებასთან დაკავშირებით, ერთის გამოწვევის და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, არა თუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ, წერილობით წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი", - თქვა კობახიძემ.
კობახიძე აცხადებს, რომ ეს ოფიციალური მიმოწერაა და გაუგებარია რატომ დასჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მისი აზრით, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია და ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლება არაა რეალურად მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
იხილეთ ასევე: